საქართველოში მრავალხმიანობის შესწავლას საფუძველი XIX საუკუნის II ნახევარში ჩაეყარა, როცა ქართველმა მოღვაწეებმა დაიწყეს პირველი ნარკვევების გამოქვეყნება ქართულ სასულიერო გალობასა (ძველი პროფესიული მუსიკა) და ხალხურ სიმღერაზე.

მიუხედავად იმისა, რომ მე-20 საუკუნის საქართველოში ქართულ მრავალხმიანობაზე არაერთი მნიშვნელოვანი ნაშრომი შეიქმნა (დიმიტრი არაყიშვილის, გრიგოლ ჩხიკვაძის, შალვა ასლანიშვილის და სხვ.), მას სპეციალური წიგნი მიუძღვნა გერმანელმა ანთროპოლოგმა ზიგფრიდ ნადელმა (Georgishe Gezange, Berlin, 1933) და მსოფლიო მრავალხმიანობისადმი მიძღვნილ კვლევაში მას მარიუს შნაიდერმა და ალან ლომაქსმაც მიუჩინეს ადგილი, მრავალხმიანობისადმი მიძღვნილი სპეციალური კონფერენციები საქართველოში 1980-იან წლებამდე არ გამართულა.

როგორც ცნობილია, მრავალხმიანობისადმი მიძღვნილი კონფერენციების  ჩატარება მსოფლიოშიც მხოლოდ 1960-იან წლებში დაიწყო და მას სისტემატური ხასიათი არ ჰქონია. ამიტომ შეიძლება ითქვას, რომ 1980-იან წლებში, საქართველომ, რომელიც ჯერ კიდევ საბჭოთა იმპერიის შემადგენლობაში იმყოფებოდა, პირველად მსოფლიოში დაიწყო საერთაშორისო სამეცნიერო ფორუმების სისტემატურად ჩატარება ამ თემაზე.

სწორედ ამ დროს საქართველოში ასპარეზზე გამოდის ახალგაზრდა ეთნომუსიკოლოგთა მთელი თაობა, რომელიც ქართული საერო და სასულიერო მრავალხმიანობის კომპლექსურ კვლევას იწყებს. ამ კვლევის შედეგებმა თავი იჩინეს ტრადიციული მრავალხმიანობისადმი მიძღვნილ საერთაშორისო კონფერენციებზე, რომლებიც ბორჯომსა და თბილისში გაიმართა 1984, 1986 და 1988 წლებში.

ამ კონფერენციებში მონაწილეობას იღებდნენ ყოფილი საბჭოთა კავშირის სხვადასხვა ეთნომუსიკოლოგიური სკოლების წარმომადგენლები. სამეცნიერო სხდომების შემდეგ გამართულმა ქართული ხალხური სიმღერის კოლექტივების კონცერტებმა საფუძველი ჩაუყარა კვლევითი და საშემსრულებლო კომპონენტების სინთეზს, რაც ესოდენ დამახასიათებელი გახდა მომდევნო კონფერენციებისათვის.

განსაკუთრებით ფართო საერთაშორისო მასშტაბები შეიძინა ბორჯომის 1986 და 1988 წლის კონფერენციებმა, რომელთა ერთ-ერთი ინიციატორი იოსებ ჟორდანია იყო. მათ მომზადებასა და ჩატარებაში კონსერვატორიას (სამეცნიერო დარგის პრორექტორი რ. წურწუმია, ქართული ხალხური მუსიკალური შემოქმედების კათედრის გამგე ე. ჭოხონელიძე) დიდი დახმარება გაუწია კომპოზიტორთა კავშირის მაშინდელმა ხელმძღვანელობამ – კომპოზიტორმა გია ყანჩელმა და ანსამბლ „რუსთავის“ სამხატვრო ხელმძღვანელმა და საბავშვო სტუდია „მართვეს“ დამაარსებელმა ანზორ ერქომაიშვილმა. კონფერენციები წალკოტში ჩადგმულ კომპოზიტორთა სახლის საკონცერტო დარბაზში მიმდინარეობდა. დღის სამეცნიერო სხდომებს საღამოს საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან ჩამოსული ხალხური მომღერლების მაღალი ხელოვნება ენაცვლებოდა და სოფლური სიმღერის განუმეორებელ სურნელებას აფრქვევდა სცენიდან. . . სხვათა შორის, ეს კონფერენციები საბჭოთა კავშირის პერიფერიული რესპუბლიკებისათვის უჩვეულოდ წარმომადგენლობითი იყო ევროპელი და ამერიკელი მეცნიერების მონაწილეობის თვალსაზრისით და მათ ორგანიზაციაში დაუღალავად გვეხმარებოდა რუსული ეთნომუსიკოლოგიის ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინო წარმომადგენელი დრ. იზალი ზემცოვსკი, ქართული კულტურის მეგობარი, რომლის სამეცნიერო კონსულტაციები დიდად ეხმარებოდა ახალგაზრდა ქართველ ეთნომუსიკოლოგებს.

საბჭოთა იმპერიის დაშლის შემდეგ, 1990-ანი წლების დამოუკიდებელ საქართველოში შემნილმა მძიმე პოლიტიკურმა და სოციალურმა ვითარებამ ეს ტრადიცია მოშალა და მისი აღდგენა თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის დიდი ძალისხმევით მხოლოდ 1998 წელს მოხერხდა. მომდევნო საერთაშორისო კონფერენცია ფონდის “ღია საზოგადოება – საქართველოს” დახმარებით 2000 წელს ჩატარდა. გამოცემულია ყველა კონფერენციის მასალები: 80-იანი წლებისა – თეზისების სახით, რუსულ ენაზე, ხოლო 1998 და 2000 წლებისა – მოხსენებების სახით, ქართულ-ინგლისურ ენებზე.

ეს იყო თანმიმდევრული სვლა ტრადიციული მრავალხმიანობის I საერთაშორისო სიმპოზიუმისაკენ, რომელმაც, ერთი მხრივ, შეაჯამა ქართული ეთნომუსიკოლოგიის განვითარების საუკუნოვანი გზა და, მეორე მხრივ, 2002 წელს დაიწყო მსოფლიო მრავალხმიანობის კონტექსტში ქართული მრავალხმიანობის კვლევის ახალი ეტაპი.

თბილისის სიმპოზიუმი იმართება ყოველ ორ წელიწადში ერთხელ. იგი თავისი ფორმატითა და თემატიკის მრავალფეროვნებით გამორჩეულ ადგილს იკავებს მსგავს სამეცნიერო ფორუმებს შორის და შესაძლებლობას აძლევს მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონის მრავალხმიანობის მკვლევრებს ერთმანეთს გაუზიარონ უახლესი კვლევების შედეგები.

ამ სიმპოზიუმების წყალობით ქართველი ეთნომუსიკოლოგები ჩაერთვნენ მსოფლიო ეთმონუსიკოლოგიურ პროცესებში, მათ თემატიკაში წარმოდგენილია ქართველებისა და საქართველოში მცხოვრები სხვადასხვა ეთნოსის – აფხაზების, ოსების, ქისტების/ ჩაჩნების მრავალხმიანობა. თუ მანამდე ქართულ მრავალხმიანობას მსოფლიოში მხოლოდ პრაქტიკულად, სხვადასხვა ანსამბლის შესრულებით იცნობდნენ, სიმპოზიუმის შემდეგ ამ ფენომენით დაინტერესდნენ მსოფლიოს სამეცნიერო წრეები – 2002 წლიდან ყოველ სიმპოზიუმზე უცხოელ მკვლევართა ერთი ან რამდენიმე მოხსენება ეძღვნება ქართულ მრავალხმიანობას (სუზენ ციგლერი (გერმანია), ცუტომუ ოოჰაში (იაპონია), ანდრეა კუზმიჩი (კანადა), ლორენ ნინოშვილი (აშშ), სიმჰა არომი (საფრანგეთი), პოლო ვალეჰო (ესპანეთი), ჯონ გრემი (აშშ)).

სიმპოზიუმებზე წაკითხული მოხსენებების ორენოვანი კრებულები გამოცემულია და მისი ელ. ვერსიები განთავსებულია ტმკსც-ის ვებგვერდზე.

თბილისის სიმპოზიუმების ერთ-ერთი მიმზიდველი მხარეა მისი საკონცერტო და კულტურული პროგრამა. კონსერვატორიის დიდ და მცირე დარბაზებში იმართება ქართული და საქართველოში მცხოვრები ეროვნული უმცირესობების, ასევე მსოფლიოს ხალხების მრავალხმიანობის კონცერტები, ფილმების დემონსტრირება, ხოლო ერთი დღე ეძღვნება საქართველოს ერთ-ერთი რეგიონის ხალხურ მომღერლებთან შეხვედრებსა და კულტურული ღირსშესანიშნაობების დათვალიერებას.

თბილისის სიმპოზიუმი არის მასშტაბური და წარმომადგენლობითი საერთაშორისო მოვლენა, რომელიც პირდაპირ პასუხობს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის დაცვის 2003 წლის კონვენციას და წარმოადგენს iuneskos მიერ 2001 წელს კაცობრიობის აკმ-ს შედევრად აღიარებულ ელემენტზე – ქართულ პოლიფონიაზე სახელმწიფოს ზრუნვის გამოხატულებას.

აღსანიშნავია, რომ 2004 წელს მე-2 სიმპოზიუმი ჩატარდა iuneskos ფინანსური მხარდაჭერით.

2016 წლის 26-30 სექტემბერს გაიმართება ტრადიციული მრავალხმიანობის მე-8 საერთაშორისო სიმპოზიუმი, რომლის მონაწილეებს გადაეცემათ წინა, მე-7 სიმპოზიუმის მოხსენებების კრებული.