სიმპოზიუმი ტარდება საქართველოს პრეზიდენტის პატრონატით
სიმპოზიუმს ფინანსურად უზრუნველყოფს საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტრო
სიმპოზიუმის ორგანიზატორები:
თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორია
თბილისის კონსერვატორია უმაღლესი მუსიკალური განათლების, შემსრულებლობისა და სამუსიკისმცოდნეო კვლევის ცენტრია საქართველოში. იგი დაარსდა 1917 წლის 1 მაისს. თავისი არსებობის მანძილზე თბილისის კონსერვატორიამ აღზარდა მრავალი გამოჩენილი მუსიკოს-შემსრულებელი, ქართველ კომპოზიტორთა და მუსიკისმცოდნეთა მთელი თაობა.
ძალზედ დიდია პრესტიჟულ საერთაშორისო კონკურსებზე გამარჯვებულ სტუდენტთა თუ კურსდამთავრებულთა სია.
კონსერვატორიაში ეწყობა სხვადასხვა სახის მუსიკალური ფორუმები, რესპუბლიკური თუ სართაშორისო კონკურსები, სამეცნიერო სიმპოზიუმები და კონფერენციები.
ტრადიციული მრავალხმიანობის კვლევის საერთაშორისო ცენტრი – დაარსდა იუნესკო-ს მხარდაჭერით 2003 წლის 1 თებერვალს კონსერვატორიის ქართული ხალხური მუსიკალური შემოქმედების კათედრის, მასთან არსებული კაბინეტისა და საერო და სასულიერო მუსიკის კვლევის ლაბორატორიის ბაზაზე. ცენტრს აქვს ფართო კონტაქტები, ჰყავს საერთაშორისო სამეთვალყურეო საბჭო. ცენტრმა განახორციელა არაერთი პროექტი, მათ შორის, იუნესკოს ქართული პოლიფონიის დაცვისა და განვითარების სამწლიანი პროგრამა (2003-2006), რომლის ფარგლებში დაარსდა ცენტრის პერიოდული ორენოვანი ბიულეტენი, გამოიცა ქართველ მეცნიერთა ეთნომუსიკოლოგიური ნარკვევები ინგლისურ ენაზე და ქართული ხალხური მუსიკალური შემოქმედების სახელმძღვანელო ორი CD-ით ქართულ ენაზე.
გარდა ამისა, საქართველოს კულტურის და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით ცენტრმა გამოსცა საქართველოში დაცული ფონოგრაფის ცვილის ლილვაკების კატალოგი და 16 CD ამ საარქივო ჩანაწერებით. ცენტრმა ასევე გამოსცა გასული ექვსი სიმპოზიუმის (2002-2012) მოხსენებების კრებულები. 2010 წელს ამერიკულმა გამომცემლობამ Nova Science Publishers-მა გამოსცა ცენტრის მიერ მომზადებული ესეების კრებული ექო
საქართველოდან: ქართული პოლიფონიის 17 არგუმენტი.
ქართული ხალხური სიმღერის საერთაშორისო ცენტრი
შეიქმნა 2001 წელს. მისი შექმნის ინიციატორია ბ-ნი ანზორ ერქომაიშვილი.
ცენტრი ეწევა მრავალმხრივ პრაქტიკულ საქმიანობას და უკვე ბევრი სასარგებლო საქმის გაკეთებაც მოასწრო: საფუძველი ჩაუყარა საქართველოს და უცხოურ არქივებში დაცული ქართული ხალხური სიმღერების ფონოჩანაწერების, კინო, ფოტო, ვიდეო და სხვ. მასალების არქივს.
საქართველოს ათამდე რაიონში ხალხური სიმღერების ხანდაზმული ოსტატების ხელმძღვანელობით შექმნა ახალგაზრდა ლოტბართა სკოლები, თანამედროვე უნივერსალური ტექნიკის გამოყენებით აფიქსირებს ძველ საშემსრულებლო ტრადიციებს.
საქმიანობის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სფეროა ძველი ფონოჩანაწერების გაშიფრა, სანოტო კრებულების შედგენა და გამოცემა ლაზერული დისკების სახით. დაწყებულია სერიის საუკუნის ანთოლოგია გამოცემა (1901–2001 წ.წ.).
აქვს ფართო საერთაშორისო ურთიერთობები საზღვარგარეთ არსებულ ქართული ხალხური სიმღერის ანსამბლებთან და ასოციაციებთან, ფონოარქივებთან, სამეცნიერო და საბიბლიოთეკო ცენტრებთან.
ატარებს ფოლკლორულ საღამოებს, ფესტივალებს, კონკურსებს ავთენტიკური ჯგუფების, საოჯახო ანსამბლებისა და ინდივიდუალური შემსრულებლების მონაწილეობით. ცენტრმა განახორციელა იუნესკოს ქართული პოლიფონიის დაცვისა და განვითარების სამწლიანი პროგრამა (2003–2006).
ხელს უწყობს ქართული ხალხური სიმღერის უმნიშვნელოვანეს პრობლემებზე სამეცნიერო კონფერენციებისა და სიმპოზიუმების ჩატარებას.
ცენტრმა 2003 წლიდან დღემდე გამოსცა 30-მდე სანოტო კრებული, აუდიომასალა (მათ შორის – ცნობილი ქართული ხალხური სიმღერების ცალკეული ხმები), სამეცნიერო და საცნობარო ხასიათის წიგნები. უკანასკნელთაგან აღსანიშნავია: ქართული ხალხური სიმღერების I ფონოჩანაწერები (1901–1914), ქართული ფონოჩანაწერები უცხოეთში (კატალოგი), სერია ქართული ხალხური სიმღერის ოსტატები – სამეგრელო (5 წიგნი) და გურია (4 წიგნი), ტრადიციული მუსიკა ქართულ-აფხაზურ დიალოგში და სხვ.
საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრი
საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრი (ყოფილი ხალხური შემოქმედების სახლი და ხალხური შემოქმედების სამეცნიერო-მეთოდური ცენტრი) შეიქმნა 1936 წელს, ივანე ჯავახიშვილის, ვახტანგ კოტეტიშვილის, დიმიტრი არაყიშვილის, ვარლამ თოფურიას, გრიგოლ ჩხიკვაძის, თამარ მამალაძის ინიციატივით. სხვადასხვა დროს ცენტრს ხელმძღვანელობდნენ მიხეილ მგალობლიშვილი, გრიგოლ კოკელაძე, ვალერიან ცაგარეიშვილი, მიხეილ ჩირინაშვილი, რევაზ კერესელიძე, ცისანა ქოჩეჩაშვილი, გიორგი უშიკიშვილი; ამჟამად, მისი აღმასრულებელი დირექტორია გიორგი დონაძე.
დაარსებიდან დღემდე ცენტრის პრიორიტეტები უცვლელია: ხალხური შემოქმედების სხვადასხვა დარგის ნიმუშთა მოძიება, კვლევა და პოპულარიზაცია; ქართული ყოფის ცოცხალ ფოლკლორულ პროცესებზე დაკვირვება და ყოფიდან გამქრალი ფოლკლორული ჟანრებისა და ნიმუშების აღდგენა-გაცოცხლება; ქართული ფოლკლორის პოპულარიზაცია და მსოფლიო კულტურულ პროცესებში ჩართვა. წლების განმავლობაში ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრში შეიქმნა უნიკალური არქივი, რომელშიც დაცულია: ქართული ხალხური სიმღერისა და საეკლესიო საგალობელთა სანოტო ხელნაწერები; მდიდარი ხელნაწერი, ფოტო და დოკუმენტური მასალა; საინტერესო ნაშრომები ქორეოლოგიასა და ეთნომუსიკოლოგიაში… ამჟამად ძველი საარქივო ექსპონატები განთავსებულია ფოლკლორის ცენტრის ელექტრონულ საინფორმაციო ბაზაში. ბოლო ათწლეულში ამას დაემატა მდიდარი საექსპედიციო აუდიო-ფოტო-ვიდეო და დოკუმენტური მასალა, შეიქმნა ცენტრის საქმიანობის ამსახველი ფოტო-ვიდეომატიანე…
ფოლკლორის ცენტრმა ბოლო წლებში გამოსცა: 20-მდე აუდიო და ერთი ვიდეოალბომი, ოთხი მონოგრაფია, ხალხური სიმღერებისა და საგალობელთა ხუთი სანოტო კრებული, ქორეოლოგიურ ნაშრომთა ანთოლოგიები, მოხეური ზეპირსიტყვიერების კრებული, მცირე ფოლკლორული ლექსიკონი; გადაიღო სამი მოკლემეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმი. მიმდინარე წლიდან ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრმა, საქართველოს ხელისუფლების ინიციატივით, ქართული ფოლკლორის უკეთ მოვლა-დაცვის მიზნით, დაიწყო ცენტრის რეგიონული წარმომადგენლობების ქსელის შექმნა.